რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს, თუ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება
მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა განაცხადა.
ტიაპკინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.
“შორ მანძილზე მოქმედ გამანადგურებელს ჩვენი შეიარაღებული ძალები კანონიერად იყენებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთისთვის მომდინარე საფრთხე გაანეიტრალოს. თუ ოფიციალური ვარშავა დაემორჩილება ავანტიურულ იმპულსს და გადაწყვეტს, შორ მანძილზე მოქმედი გამანადგურებელი საშუალებები შეაჩეროს, მაშინ რეაქცია ადეკვატური და საკმაოდ კონკრეტული იქნება. რუსულმა დიპლომატიამ არაერთხელ მიუთითა, თუ რა რისკებს მოიცავს დასავლეთის სახელმწიფოების პოტენციური პირდაპირი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში კიევის რეჟიმის მხარეს”, – განაცხადა ოლეგ ტიაპკინმა.
მისი მტკიცებით, ამ თემაზე რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი, როგორც ვარშავისთვის, ასევე ნატოსთვის.
ინფორმაციისთვის, ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ზელენსკის თქმით, ის მოიცავს უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას.