ისრაელის არმიამ ღაზას სამხრეთ და ცენტრალურ ზონაში მცხოვრები ხალხისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ეს ტერიტორიები მანამდე ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად იყო განსაზღვრული.
ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორიები „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნებისა და რაკეტების გამშვებ ბაზად გამოიყენა.
უწყების ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ფლაერები და ტექსტური შეტყობინებები ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთ და დეირ ალ-ბალას აღმოსავლეთ ნაწილებში გაიგზავნა.
„წინასწარი გაფრთხილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიცემა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისცეს მათ საშუალება, საბრძოლო ზონა დატოვონ“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.