„ფილმის გადაღების მთავარი შთამაგონებელი იყო თვითონ ილია ზდანევიჩი, მისი ყველაფრობა“ – ბერდია კუტუბიძე

„აბსოლუტურად ყველაფერი გამოიგონა ზდანევიჩმა და შემდეგ, სხვა დანარჩენი, უბრალოდ შეიქმნა ზდანევიჩის მიბაძვით“ (სალვადორ დალი), – ასე აფასებდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ლეგენდარულ ქართველს, მსოფლიოს ერთ-ერთი საკულტო მხატვარი.
ილია მიხეილის ძე ზდანევიჩის (ფსევდონიმით ილიაზდის) ბიოგრაფიას ეძღვნება „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დოკუმენტური ფილმი – „მარადიულნი: ყველაფრიზმი“.
ილია ზდანევიჩი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მწერალი, დრამატურგი, კრიტიკოსი, ფუტურისტი, „ზაუმის“ და დადას თეორეტიკოსი, ლექტორი, ისტორიკოსი, კურატორი, დიზაინერი, მიზანთროპი, ტიპოგრაფი, რედაქტორი, მკვლევარი და პუბლიცისტი.
ფილმის დახურული ჩვენება 2024 წლის 9 ივნისს გაიმართა, ესწრებოდნენ ფილმის რესპონდენტები, შემოქმედებითი ჯგუფი, მათი მეგობრები და კოლეგები.
ფილმში დეტალურადაა გადმოცემული ილია ზდანევიჩის ყველა ცხოვრებისეული ეტაპი: პატარაობა, სწავლა-განათლება, ფუტურიზმით გატაცება სიყმაწვილის პერიოდში, ფიროსმანის აღმოჩენა, „41 გრადუსის“ მსოფლხედვა, რევოლუციური პუბლიკაციები, ხელნაკეთი წიგნები და 10-იანი წლების თბილისი, თაყაიშვილის ექსპედიციაში მონაწილეობა, საინტერესო ფაქტები ბათუმში ყოფნის პერიოდზე, სახელოვნებო სიახლეების ძიებაში პარიზში გამგზავრებაზე, სადაც ილიაზდმა გაიცნო მაშინ ჯერ კიდევ უცნობი, თუმცა ამჟამად ყველასთვის ცნობილი ხელოვანები.
როგორი იყო არტისტული ცხოვრება 20-იანი წლების პარიზში? რა ეტაპები განვლო მან გაბრიელ შანელთან მუშაობის დაწყებამდე? კოკო შანელი თურმე, მისი პირველი შვილის ნათლია ყოფილა… როგორ განვითარდა სამომავლოდ მათი თანამშრომლობა და ურთიერთობა?

ნიკო ფიროსმანი. „ილია ზდანევიჩი“. 1913

ბერდია კუტუბიძე:
„ფილმში აღწერილია ილიასა და პაბლო პიკასოს მეგობრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, მათი ერთობლივი პუბლიკაციების ამბები და ისტორია პიკასოს მიერ დახატული ფიროსმანის პორტრეტის მიღმა… ზდანევიჩის ისტორიული არქივის ერთი ნაწილი თბილისშია, დიდი ნაწილი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ასევე – პომპიდუს ცენტრში, მცირე ნაწილი კი მარსელთან ახლოს, სადაც ინახება საქართველოსთვის და სრულიად მსოფლიო კულტურისთვის შეუფასებელი მასალა.
აღმოჩნდა, რომ ყველაფერთან ერთად ილიაზდი შესანიშნავი არქივარიუსიც იყო: ყველაფერს იწერდა, ყველაფრის ახსნა და ფორმულირება შეეძლო. ფილმში გამოყენებული მასალები სწორედ ამ არქივიდანაა: წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი პირადი მიმოწერა, ფოტოები, პუბლიკაციები, ნაშრომები“…

ყარამან ქუთათელაძე

როგორც ფილმის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი ბერდია კუტუბიძე ამბობს, ფილმის გადაღების მთავარი შთამაგონებელი იყო თვითონ ილია ზდანევიჩი, მისი ყველაფრობა:
„თავიდან ვფიქრობდი დოკუმენტური ფილმის გადაღებას კოკო შანელსა და მის კავშირებზე საქართველოსთან. შემდეგ ინფორმაციის მოძიებისას აღმოჩნდა, რომ ილია ზდანევიჩს უდიდესი წვლილი ჰქონდა შეტანილი შანელის სახლის განვითარებაში, და რომ ზდანევიჩის შემოქმედებამ 30-იან წლებში გადაარჩინა კომპანია „შანელი“ სხვადასხვა მიმართულებით…
უმნიშვნელოვანესი იყო ფიროსმანის აღმოჩენა და მისი გაცნობა ფართო საზოგადოებრიობისთვის“.
„ესენი იყვნენ ფაქტიურად თინეიჯერები, როცა აღმოაჩინეს 60 წლის ადამიანი. ანუ ამას სითამამე სჭირდებოდა, აღმოგეჩინა ადამიანი, მერე გეთქვა, რომ ეს არის გენიოსი და ყველა დასცინოდა ამათ.
– რაის გენიოსი, რის ფიროსმანი კაცო, ეგეთი ფიროსმანები ბევრია“…
(ყარამან ქუთათელაძე, ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი).
ფილმის გადაღება 2019 წლიდან დაიწყო, აქტიურ ფაზაში კი 2023 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა-ძიება საქართველოს ეროვნულ არქივში, ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის არქივში, ლიტერატურის მუზეუმში, ილიაზდ-კლუბის არქივში. გამოყენებულია მასალა კერძო პირთა კოლექციებიდან.
„…ეს ისტორია ბათუმში იწყება. ბათუმი ის ადგილი იყო, ევროპასთან რომ გვაკავშირებდა პირდაპირ“
(გელა წულაძე, მხატვარი).
გადაღებები მიმდინარეობდა ბათუმში, თბილისში, გარიყულაში, ბრიუსელში, ტრიგანსში, სენ-სიღ-სიურ-მერში, პარიზში, ლევილში, ვენეციაში.
ფილმის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერია – ბერდია კუტუბიძე;
დამდგმელი ოპერატორი – გიორგი შკუბულიანი;
რეჟისორი – გიორგი შკუბულიანი, გიორგი მურვანიძე;
მონტაჟის რეჟისორი – გიორგი მურვანიძე;
დიზაინი და გრაფიკა – გიორგი ხომერიკი, მამუკა ღლონტი, გიორგი ზინკოვსკი;
მონტაჟი – გიორგი მურვანიძე, ბერდია კუტუბიძე, გიორგი შკუბულიანი, ირაკლი ყაჭეიშვილი;
ფერის კორექცია – გიორგი შკუბულიანი;
ოპერატორები – გიორგი შკუბულიანი, ვაჟა კეშელავა, ბაჩი მურვანიძე, დავით გურიელიძე.

„ილიაზდის კლუბის“ პრეზიდენტი, ფრანსუა მერე

ფილმში მონაწილეობენ რესპონდენტები: იულია სოროკინა, Art Doll Tbilisi-ის ორგანიზატორი; ლიკა ელიავა, CHANEL-ის რეგიონული მენეჯერი; დირკ ვერმალენი – Europalia-ს სამხატვრო ხელმძღვანელი; ვახტანგ მახარობლიშვილი – საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოში; ჯულია მაღშო – ვენეციის Bienale-ს კურატორი; ფრანსუა მერე – „ილიაზდის კლუბის“ პრეზიდენტი; გოჩა ჯავახიშვილი – საქართველოს ელჩი საფრანგეთში 2022/2024 წწ; ნანა შერვაშიძე – ხელოვნებათმცოდნე; ყარამან ქუთათელაძე – ა. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი; გელა წულაძე – მხატვარი; ალექსანდრ ვასილიევი – მოდის ისტორიკოსი.
ბერდია კუტუბიძე რადიო აჭარა – 104.5 FM-ის „FM ფანტაზიების“, გადაცემის ავტორი და წამყვანია, ასევე – ბათუმის დელფინარიუმის PR-მენეჯერი და შოუს წამყვანი.
ბათუმის საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ სრულიად შემთხვევით აჭარის ტელევიზიაში აღმოჩნდა. დიდი შრომის და ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ გაჩნდა გადაცემა „ექსკლუზივი“. შრომის და პროფესიონალიზმის წყალობით მისი ცხოვრების გზა საინტერესოდ წარიმართა. 
ის და მისი მეგობრები, მწირი ტექნიკური ბაზისა და საარქივო მასალის პირობებში, ახერხებდნენ ისეთი სანახაობის შექმნას, რომ მაყურებელს უკმარისობის შეგრძნება არ დარჩენოდა.
„დამუხტულნი იმ იდეით, რომ რეგიონული ტელევიზიის პირობებშიც შესაძლებელია რეიტინგული პროდუქტის შექმნა, ფრთას გვასხამდა. მაყურებელიც აფასებდა ამ თავგანწირვას და სიყვარულს ერთი ასად გვიბრუნებდა. სწორედ „ექსკლუზივის” წყალობით, ამიერკავკასიის რეგიონიდან მხოლოდ აჭარის ტელევიზია იყო სამჯერ აკრედიტებული მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების – MTV Europe Music Awards-ის ცერემონიაზე“, – ამბობს ბერდია.
„აჭარის ტელევიზიაში“ 9-წლიანი მუშაობის შემდეგ, ერთხანს თბილისში, ახლად „გახსნილ“ ტელეკომპანია „რეალ-ტვ-ში“ გადავიდა, სადაც სიუჟეტებს ახმოვანებდა. შემდეგ ისევ დაბრუნდა ბათუმში და ცხოვრება დაუკავშირა დელფინარიუმს.

ლიკა ელიავა

როცა გაიგო, რომ თავის ქალაქში 30-წლიანი პაუზის შემდეგ დელფინარიუმი იხსნებოდა, გადაწყვიტა, თავად მისულიყო და უბრალოდ ხელმძღვანელობას გასცნობოდა.
„პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დირექტორმა და მენეჯერმა ნდობის სახით დამაკისრეს, არცერთი წუთით არ მინელდება. არასოდეს ვივიწყებ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი. მთავარია მოინდომო, ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია.
საერთოდ, თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიქნები, არცერთ საქმეს (არანაირი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ) ხელს არ „მოვკიდებ“. ვინაიდან, რასაც ბოლოს ჩემი სახელი და გვარი დაეწერება, უბადლოდ უნდა იყოს გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმი არსებული შესაძლებლობებიდან“.
ეს ფილმიც სწორედ ამ სულისკვეთებით შექმნა. როგორც ამბობს, ამ ადამიანებმა და, პირველ ყოვლისა, გიორგი შკუბულიანმა, გიორგი მურვანიძემ, თითოეულმა, ვისაც საფინალო ტიტრებში იხილავთ, ირწმუნეს მისი იდეა, დაუდგნენ გვერდით ყოველგვარი ფულადი ინტერესისა და გაწეული სამუშაოს ანაზღაურების გარეშე. დიდმა ენერგიამ, ნებისყოფამ, თავგანწირვამ და ყოველდღიურმა შრომამ კი შედეგი გამოიღო – დაიბადა ფილმი – „მარადიულნი: ყველაფრიზმი“.
საეთერო პრემიერა იგეგმება 6 სექტემბერს, 22:00-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით.
მანამდე, კი კიდევ ერთი ჩვენება დაგეგმილია ბათუმშიც და თბილისშიც.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები