“ცოფი უკურნებელი სენია, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ ვეტერინარს მიმართოს და აცრას” – „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი
„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, დემნა ხელაიას განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოში ცოფის 14 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ხელაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რაც შეეხება ჩვენ მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ ჩატარებულ ღონისძიებებს: ყოველი წლის იანვარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ე.წ.ვეტერინარიული კონტროლის პროგრამა მტკიცდება, რომელშიც ის ღონისძიებებია გაწერილი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს , მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ჩვენ ეს ღონისძიებები მასიურად 2013 წლიდან დავიწყეთ, მანამდე ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ასეთი მასიური ხასიათი არ ჰქონდა. სახელმწიფო ამას არ აფინანსებდა, ცხოველის მეპატრონეები ატარებდნენ. დაახლოებით 2020 წლიდან ასეთი სტატისტიკა მაქვს, რომ წლის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით, თბილისის გარდა, 270 000- 280 000 ძაღლსა და კატას ვცრით. თბილისში ეს კერძო კლინიკებსაა მინდობილი. ჩვენ თბილისში ფიზიკურად ამდენ მოსახლესთან, ამდენ ძაღლს ვერ მივაკვლევთ. ეს ხარჯებთან აღარაა დაკავშირებული, ამდენი ადამიანური რესურსი არ გაგვაჩნია. მაგრამ, რაიონებში ყველგან, კარდაკარ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ვატარებთ. შარშან რეკორდული რაოდენობა აიცრა – 360 000. თუმცა , შარშან ცოფის პატარა აფეთქება გვქონდა – 85 შემთხვევა იყო. მანამდე რაჭაში ცოფის შემთხვევები საერთოდ არ გვქონდა, იქ, ჩვენი ვარაუდით, აიყვანეს და დატოვეს ძაღლი, ეტყობა მას მიუსაფარ ძაღლთან, ან გარეულ ცხოველთან ჰქონდა შეხება, დაინფიცირდა და შემდეგ ერთმა დაინფიცირებულმა სხვადასხვა ძაღლს უკბინა, ასე გავრცელდა. ღონისძიებები მაშინვე დავიწყეთ, კარანტინი გამოცხადდა, ეს ყველაფერი ჩავახშეთ. პიკი 2012 წელს გვქონდა – 135 შემთხვევა იყო. 2022 წელს 31 შემთხვევამდე ჩამოვიყვანეთ, ძალიან შევამცირეთ. იმის გამო, რომ შარშან ძალიან მასიურად აიცრა, წელს, ჯერჯერობით, 14 შემთხვევაა დაფიქსირებული”, – განაცხადა ხელაიამ.
მისი თქმით, დაგეგმილია, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით წლის ბოლომდე 300 000-მდე ძაღლი და კატა აიცრას.
“ვაქცინაცია წელსაც მასიურად მიმდინარეობს. დაგეგმილი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე 300 000-მდე ძაღლი და კატა უნდა ავცრათ. ეს არ ეხება მიუსაფარ, უპატრონო ძაღლებს. ქუჩაში მოხეტიალე ძაღლები ზედამხედველობის სამსახურს აჰყავს, თავშესაფარში მიჰყავთ და ეს ძაღლები იქ უნდა აიცრან. თუ თავშესაფარს შესაძლებლობა არ აქვს და მოგვმართავს, ჩვენ მზად ვართ, ავცრათ. ვაქცინის პრობლემა არ გვაქვს, ვაქცინა ევროპული წარმოებისაა. 1 წლის განმავლობაში ცხოველს დაავადებისგან მაქსიმალურად იცავს. აუცილებელია, ვისაც ძაღლი ჰყავს, იცოდეს, რომ წელიწადში ერთჯერ მაინც ვეტერინარს უნდა მიაკითხოს, კერძო იქნება, თუ სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური. ყველა მუნიციპალიტეტში სამსახურები გვაქვს, მათი ტელეფონის ნომრები ყველგან გამოკრულია, ცხელი ხაზი გვაქვს, მოგვმართონ, რომელი მუნიციპალიტეტია, რომელი ქალაქია. ჩვენი ვეტერინარები მივლენ და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან.
ცოფი უკურნებელი სენია, მისი განკურნება გამორიცხულია, ლეტალური გამოსავალია. ჩემი მიმართვა ყველას მიმართ არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ძაღლი სახლის არის, თუ არა, ცოფის მატარებელი ბევრი რამაა, მათ შორის ვირთხებსაც შეუძლიათ, ცოფი აითვისონ, იქნებ თქვენს ძაღლს ვირთხასთან ჰქონდა შეხება? დაიჭირა და იმან უკბინა, გაკაწრა. ამიტომ , ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ ვეტერინარს მიმართოს, ძაღლი ყოველ მეთორმეტე თვეს უნდა აიცრას.
ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც უცნობი ძაღლი გაკაწრავს, ქუჩაში მიდიხართ, ან სადმე მიდიხართ, აუცილებლად ჩვენ შეგვატყობინეთ, გნებავთ, სამედიცინო სამსახურს მიმართეთ. ძაღლზე, რომელიც ადამიანს გაკაწრავს, 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობა წესდება. თუ ამ 10 დღის განმავლობაში ძაღლს არაფერი დაემართა, ის ჯანმრთელია, ცოფზე საეჭვო არ არის. თუ 10 დღის განმავლობაში ძაღლი მოკვდა, გამოვიკვლევთ, ლაბორატორიული კვლევის შედეგს, თუ ის დადებითია, ჯანდაცვას ვატყობინებთ, რათა მოქალაქემ ვაქცინაცია მაშინვე დაიწყოს”, – განაცხადა ხელაიამ.
თამუნა შეყილაძე