“რაჭაში მოქალაქის ცოფით დაინფიცირების წყარო უცნობია, მოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება” – სესის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი

“დღეს ჩვენთვის მოქალაქის ცოფით დაინფიცირების წყარო უცნობია” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიმ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

ხელაიას თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.

“რაც შეეხება რაჭაში მომხდარ ფაქტს: ვეტერინარიის დეპარტამენტის რეგიონულმა სამსახურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაატარა. როგორც ჩვენთვის ავადმყოფის ისტორიიდან გახდა ცნობილი, მას 5 თვის წინ ლეკვთან ჰქონია შეხება, რომელიც ქუთაისიდან იყო წამოყვანილი. ეს ლეკვი 10 დღის შემდეგ მოკვდა. ჩვენ ოჯახის წევრებთან საუბრის შედეგად გავარკვიეთ, სადაც იყო ლეკვი დამარხული, ეგსჰუმაცია გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ის ლაბორატორიული კვლევისთვის უვარგისი იყო. ამიტომ ცხოველში დიაგნოზი ვერ დავსვით. დღეს ჩვენთვის მოქალაქის დაინფიცირების წყარო უცნობია. მოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, გვინდა, მივაკვლიოთ ქუთაისიდან საიდან იქნა წამოყვანილი ეს ლეკვი, ვის მიერ. იმედია, რაღაცას გავარკვევთ და ამ ფაქტზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება” – განაცხადა ხელაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები