გივი მიქანაძე: შესაბამის წინასაარჩევნო დოკუმენტში აისახება და გასაჯაროვდება, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში
შესაბამის წინასაარჩევნო დოკუმენტში აისახება და გასაჯაროვდება, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში ასახული იქნება ყველა ის ძირითადი ღირებულება და მიმართულება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირში საბოლოო ადგილის დამკვიდრებისთვის.
„დეტალური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და კონკრეტული განაცხადები იმის თაობაზე, თუ რას ვგეგმავთ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შესაბამის წინასაარჩევნო დოკუმენტში აისახება, რომელიც გასაჯაროვდება და საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაცია იქნება მიწოდებული. გუშინ იყო ამ კამპანიის გახსნა და, რა თქმა უნდა, ეს შემდგომი სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესია. ჩვენ მთავარ აქცენტებზე გავამახვილეთ ყურადღება და ჩვენი ახალი დევიზი, რომელიც იმ საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ვახორციელებთ, ეს არის: „მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ“. ამ მოცემულობაში აბსოლუტურად ასახულია ყველა ის ძირითადი ღირებულება და ის ძირითადი მიმართულება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირში საბოლოო ადგილის დამკვიდრებისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.