“დაიცავი არჩევნები” – ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა ახალი გაერთიანება დააფუძნეს
ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა დააფუძნეს ახალი მოძრაობა “დაიცავი არჩევნები”, რომელიც, მათი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, 17 ივლისს გაიმართა.
როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მათი გაერთიანება მზადაა, ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაში აქტიურად ჩაერთოს და ამისთვის მოხალისეებს შესაბამის ტრენინგებს უკვე უტარებენ.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პროფესიული გაერთიანება “დაიცავი არჩევნები”, რომელიც მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მოამზადოს, როგორც საარჩევნო მოხელეები, ისე საარჩევნო დამკვირვებლები, კომისიის წევრები და ა.შ. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს პრაქტიკული მუშაობა რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, უკვე ჩატარებულია ტრენინგები მათთან და ვაპირებთ, რომ ამ მხრივ მუშაობა გავაგრძელოთ”, – ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან თარხნიშვილი.
გაერთიანების წარდგენისას სიტყვით გამოვიდა ცესკოს კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი. მან ელექტრონული არჩევნების გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანება ამ მიმართულებითაც იმუშავებს.
“არსებობს ობიექტური რისკები, რომ ის ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება ერთდროულად 2000-მდე უბანში, არ არის სათანადოდ დატესტილი და შემოწმებული. აქამდე შუალედურ არჩევნებზე მხოლოდ რამდენიმე უბანში იყო ერთდროულად, მაშინ, როცა აქტივობა ძალიან დაბალი იყო, ხოლო ამ არჩევნებზე, სავარაუდოდ, აქტივობა ძალიან მაღალი იქნება. ეს ძალიან ბევრ ტექნიკურ პრობლემას შექმნის, რამაც, შეიძლება, უნდობლობა გაზარდოს. ტექნოლოგიებს თან ახლავს მათი ბოროტად გამოყენების რისკიც, რომლისგანაც ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში დაზღვეული არ ვართ და ვაპირებთ, ეს საკითხი შევისწავლოთ სიღრმისეულად”,- განაცხადა ხარატიშვილმა.