ოთარ კიტეიშვილი: ესპანეთის ნაკრები ყოველთვის გამორჩეულია გამოცდილებით, რა შესაძლებლობაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ

ესპანეთის ნაკრები არის ყოველთვის გამორჩეული თავისი გამოცდილებით, ჩვენ რა შესაძლებლობაც გვაქვს იმას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა.

„პორტუგალიის ნაკრები არის ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის ნაკრები. წარმოუდგენლად შეიძლება ჩათვლილიყო თამაშის წინ მათი დამარცხება. ეს იყო ერთადერთი შანსი ჯგუფიდან გასვლის. ეს მოვახერხეთ და ალბათ ეს თავდაჯერება, მუხტი და ემოციური ფონი თან უნდა წავიღოთ ესპანეთთან თამაშის წინ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

მისივე თქმით, ესპანეთის ნაკრები არის ყოველთვის გამორჩეული თავისი გამოცდილებით.

„მოსამზადებლად არ გვაქვს დიდი დრო, ესპანეთის ნაკრებს კი შედარებით მეტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ რა შესაძლებლობაც გვაქვს, იმას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ესპანეთის ნაკრებთან ალბათ უფრო ტაქტიკური თვალსაზრისით იქნება მომზადება და ვარჯიშებს არ ექნება განსაკუთრებული ინტენსივობა. შევეცდებით, ფიზიკურად კარგ კონდიციაში შევხვდეთ ამ თამაშს“, – აღნიშნა ოთარ კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან, აღნიშნული მატჩი კი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები