გამახარია: “რუსეთში ყველა დონეზე არიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც კარგა ხანია, აფხაზეთის აღიარების უკან წაღების შესახებ, საქართველოსთან შერიგების თაობაზე საკითხს აყენებენ, ბოლო პერიოდში მსგავსი განცხადებები გახშირდა”

“რუსეთში ყველა დონეზე, ოფიციალურ მაღალ დონეზე, ასევე საზოგადოებაში არიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც კარგა ხანია, აფხაზეთის აღიარების უკან წაღების შესახებ, საქართველოსთან შერიგების თაობაზე საკითხს აყენებენ”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკმაო ხანია, ასეთი შინაარსის წერილები ქვეყნდება, მაგრამ ბოლო პერიოდში მსგავსი პუბლიკაციები, განცხადებები გახშირდა.

“რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა ვიცით – მცოცავი ანექსიის პოლიტიკა. მაგრამ, იმავე რუსეთში, ყველა დონეზე, ოფიციალურ, მაღალ დონეზე, ასევე საზოგადოებაში არიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც კარგა ხანია, აფხაზეთის აღიარების უკან წაღების შესახებ, საქართველოსთან შერიგების თაობაზე საკითხს აყენებენ. (ე.ი. აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში, შემდეგ საქართველოსთან შერიგება, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ა.შ.) საკმაო ხანია, ასეთი წერილები ქვეყნდება , მაგრამ ბოლო პერიოდში მსგავსი პუბლიკაციები, განცხადებები გახშირდა. არ დაგიზუსტებთ, მაგრამ გუშინწინ ერთი პიროვნება , რუსეთში ძალიან ცნობილი, უკავშირდება ჩვენს მეგობრებს, სოხუმელებს, რომლებსაც იცნობს, ქართველებს და ამ თემაზე რაღაც სიმპოზიუმის მოწყობას სთავაზობს. ( საუბარია, რუსებზე , საზოგადო მოღვაწეებზე, ეს ხელისუფლება არაა.) ე.ი. დასვეს საკითხი, ქართული მხრიდან ასევე საზოგადოების წარმომადგენლები შევიკრიბოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენი წინადადებები მერე ჩვენს მთავრობებს წარვუდგინოთო. ამ პიროვნებამ მარტო კი არ დარეკა, არამედ მისგან პატარა წერილიც იყო, დაახლოებით ასეა საუბარი: აფხაზებთან ყველაფერი გარკვეული გვაქვს, ვერ შედგა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამიტომ მოდით, ამ მიმართულებით დავიწყოთ მუშაობაო. იქამდეა საქმე მისული, შეიძლება, იქაური საზოგადოების გავლენიანმა, ცნობილმა წარმომადგენლებმა და ჩვენებმა რაღაც სიმპოზიუმი, შეხვედრა (ალბათ, ონლაინ) მოაწყონ და ამ თემაზე ღიად იმსჯელონ . ამაზე აფხაზეთშიც არაერთი პუბლიკაცია ვიცით. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ კომენტარი გააკეთა, რომ საკითხი ასე არ დგას, უმჯობესია, საქართველომ აღიაროს რეალობა, რომელიც არსებობსო. მაგრამ, ამ განცხადებების მიღმა ხსენებული მიმართულებით საზოგადოების გააქტიურებას ვხედავთ. ეს ცუდი პროცესი არაა, მაგრამ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ისიც ვიცით, რუსები იმისთვის, რომ აფხაზეთში თავიანთ მიზნებს მიაღწიონ, აფხაზებს რუსების მიმართ რაღაც -რაღაც შეზღუდვებზე უარი ათქმევინონ, აფხაზებს ხანდახან ქართველებით აშინებენ – თუ ამას არ გააკეთებთ, უკან ჩაგაბარებთო. ესეც გასათვალისწინებელია. აფხაზებიც როცა თხოვნით მიდიან, რუსებს ეუბნებიან, თუ ამას არ გაგვიკეთებთ, შეიძლება, პროქართული მოძრაობა დაიწყოსო. ორივე მხარე ამ არგუმენტებს მეორე მხარის დასაშანტაჟებლად იყენებს. ამავე დროს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში წერენ სტატიებს, აკეთებენ განცხადებებს, რომ საქართველოს აფხაზეთი უნდა დაუბრუნდეს და ჩვენ ქართველებთან უნდა შევრიგდეთო. როგორ განვითარდება მოვლენები ვნახოთ, პროცესი საინტერესოა, ვაკვირდებით, სიფრთხილეს ვიჩენთ. თუ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, ამაში ცუდი არაფერია. თუ ტყუილია, ეს ტყუილი შერჩებათ, ჩვენ არაფერს დავკარგავთ. ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიან მდგომაროებაში აღმოვჩნდებით, რადგან ეს თემა რუსულ საზოგადოებაში გაჟღერდება და დარწმუნებული ვარ,თანდათანობით მომხრეები მოემატება” – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის ხელისუფლების სამუშაო ჯგუფი მუშაობს საკითხზე, თუ რა სტატუსი შეიძლება, ჰქონდეს აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში.

“მე დაკონკრეტების გარეშე მინდა, გითხრათ, რომ კარგა ხანია, მომავალი აფხაზეთის სტატუსზე ვმუშაობთ, თუ რა სტატუსი შეიძლება, ჰქონდეს მომავალ აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი 2 მთავარ საკითხს იხილავს. პირველი საკითხია – აფხაზეთის შემოერთების შემდეგ საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები, რომ ამ შემოერთების შემდეგ ქვეყნის მთლიანობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. მეორე საკითხია – ფართო უფლებები ავტონომიას, ” – განაცხადა გამახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები