„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა

2012 წლის შემდეგ „თავისუფლების“ შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროპაში პირველ პოზიციაზეა, ხოლო 2012 წლის შემდეგ „კეთილდღეობის“ შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„ატლანტიკური საბჭო“ 2024 წლის თავისუფლების და კეთილდღეობის ახალი ინდექსების პრეზენტაციისთვის ემზადება და საჯარო განხილვას 2024 წლის 25 ივნისისთვის აანონსებს. იქამდე კი ორგანიზაციამ 2024 წლის ინდექსის შედეგები უკვე გაასაჯაროვა. ინდექსები მეთოდოლოგიურად გადამუშავდა და 1995-2023 წლების გრძელვადიანი პერიოდის განახლებულ ანალიზს აერთიანებს.
თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის 51-ე, ხოლო სახელმწიფოთა შორის 50-ე ადგილზე გავიდა, სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“. თავისუფლების დონით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს უსწრებს.
თავისუფლების ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: მაღალი თავისუფლება; ზომიერი თავისუფლება; თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე.
ორგანიზაცია თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. ( https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/#about ).
თავისუფლების შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით საქართველომ 73,38%-ი მიიღო, 2012 წლის შემდეგ შეფასება 6,68 პუნქტით გააუმჯობესა, ხოლო ამ გრძელვადიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება თავისუფლების სარეიტინგო პოზიციას, 2012 წლის შემდეგ საქართველო რეიტინგში 21 ადგილით არის დაწინაურებული და იმ 12 ქვეყანას შორისაა, ვინც ამ პერიოდში ყველაზე მეტი ადგილით შეძლო რეიტინგის გაუმჯობესება.
კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში, სადაც შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100%-ანი სისტემით საქართველომ 74,99%-ი აიღო და მსოფლიოში 46 -ე ადგილზე გავიდა. 2012 წლის შემდეგ საქართველოს კეთილდღეობის შეფასება 6,36 პუნქტით გაუმჯობესდა. შეფასების ამ გრძელვადიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება კეთილდღეობის სარეიტინგო პოზიციის პროგრესს, 2012 წლის შემდეგ საქართველო რეიტინგში 17 ადგილით არის დაწინაურებული და რითაც მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

კეთილდღეობის შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე; 2. გარემოს დაცვა; 3. უმცირესობების ინტერესების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა.
კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები