SEU და EHL, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, ერთობლივ პროფესიულ განათლების გადამზადების ცენტრს ხსნიან

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და EHL, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, ერთობლივ პროფესიულ განათლების გადამზადების ცენტრს ხსნიან, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოსა და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროში განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით.

აღნიშნული ცენტრის მიზანი იქნება სტუდენტების აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და ინდუსტრიულ სპეციფიკაზე მორგებული ცოდნით, რაც უზრუნველყოფს მათ მზაობას როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო დინამიკური სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის.

SEU-სა და EHL-ს შორის თანამშრომლობა 1 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში SEU-ს დელეგაცია რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის, ხელმძღვანელობით 10-13 ივნისს იმყოფებოდა შვეიცარიაში.
შეხვედრის მიმდინარეობისას EHL-ის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი დადებითი დამოკიდებულება და მზაობა ამ ახალი მასშტაბური პროექტის მიმართ: “SEU-ს მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და EHL-ის გამოცდილების კომბინირებით, რომელიც 130 წელია ქმნის განათლების უმაღლეს სტანდარტს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დარწმუნებულნი ვართ, რომ სტუდენტები მიიღებენ უბადლო გადამზადებას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავუკვალავთ გზას ახალ თაობებს, რომლებიც აამაღლებენ ინდუსტრიაში არსებულ მომსახურებას და დანერგავენ ინოვაციურ სტანდარტებს.”

აღნიშნული ცენტრი იქნება საფუძველი იმისა, რომ EHL Hospitality Business School (EHL)-ის თანამშრომლობით თბილისის არეალში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში სრულიად ახალი კამპუსის ფარგლებში შეიქმნება სტუმარ-მასპინძლობის სფეროს სერტიფიცირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიკვლიონ გზა გლობალურ ასპარეზზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები