ზაალ იაკობიძე აზერბაიჯანული ბენზინის იმპორტის შესაძლო განახლებაზე – “თუ უფრო იაფი იქნება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მომენტი იქნება”

ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აზერბაიჯანის მიერ ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოების დაწყების და საქართველოსთვის შესაძლო მოწოდების საკითხს ეხმაურება.

როგორც იაკობიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, აზერბაიჯანიდან ბენზინის მოწოდების შემთხვევაში ფასი, რუსულ საწვავთან შედარებით, შეიძლება, უფრო კონკურენტუნარიანი იყოს.

“ეს, შეიძლება, ჩვენთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესო გახდეს. თუ აზერბაიჯანიდან “რეგულარის” ტიპის ბენზინის მოწოდება მოხდა, რომლის ხარისხი საქართველოში არსებულ ნორმებთან იქნება შესაბამისობაში, ფასიც, შეიძლება, უფრო კონკურენტუნარიანი იყოს , ვიდრე რუსული საწვავისა, აქ კიდევ ერთი დადებითი მომენტია: აზერბაიჯანის სიახლოვე საქართველოსთან. ამან , შეიძლება , ჩვენს ქვეყანაში საწვავის შემოტანაზე საკმაოდ დადებითი გავლენა მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუ უფრო იაფი იქნება, ეს, ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მომენტი იქნება.
როგორც ცნობილია, დაწყებული აქვთ წარმოება. ჩვენ, ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, საქართველოში ამ საწვავის შემოტანა რამდენად განხორციელდება, ექნებათ თუ არა საკმარისი რაოდენობა, იქნება თუ არა საქართველოს ბაზარი მათთვის ფასის კუთხით საინტერესო, ეს ყველაფერი დაზუსტდება, შემდგომი ნაბიჯები ამის მიხედვით იქნება გადადგმული.
აზერბაიჯანიდან ბენზინი ძალიან დიდი ხანია არ შემოსულა”, – განაცხადა იაკობიძემ.


 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები