ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.
ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟას დღესასწაულის – „ლომჟას დღეების“ ფარგლებში ჩაეყარა.
ვაკის რაიონისა და სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტების დელეგაციები ლომჟას მერს მარიუშ შრზანოვსკის შეხვდნენ, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც ლომჟას მერმა აღნიშნა, პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობა ლომჟას დღეების აღნიშვნაში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობაა, რაც ერთობლივი ღირებული პროექტების განხორციელების წინაპირობაა.

„იმედი მაქვს, რომ მეგობრობა, რომელიც დაიწყო ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, განვითარდება ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ დონეზე“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, დავით კვინიკაძე ლომჟასთვის მმართველობის უფლების მინიჭების 606 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო.
გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგეობის დელეგაციამ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში მიიღო, გაეცნო ლომჟას მუნიციპალიტეტის მმართველობის სპეციფიკას, ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები