“1 კვირის განმავლობაში რესტორანი უწყლოდ ვერ იფუნქციონირებს, თბილისში წყლის 1 კვირით გაჩერება კოლაფსია” – „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე
“1 კვირა არის ის პერიოდი, როცა გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება , რესტორანმა მუშაობა შეწყვიტოს. 1 კვირის განმავლობაში რესტორანი უწყლოდ ვერ იფუნქციონირებს”,- ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში წყლის 1 კვირით გაჩერება კოლაფსია.
“წყალი ნებისმიერ შემთხვევაში იმდენად დიდი პრობლემაა, რომელმაც შეიძლება, ეკონომიკური საქმიანობა გააჩეროს და ამ პერიოდში რესტორანმა ფუნქციონირება შეწყვიტოს, თუ წყლის მოწოდებას ვერ უზრუნველყოფს. დიახ, რა თქმა უნდა, ამის საშიშროება არის. 1-2 დღეს ეს პრობლემა შეიძლება, თვითმომარაგების კუთხით, გარკვეულწილად, გადაჭრილი იქნეს, მაგრამ ეს მუდმივ რეჟიმში ვერ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიგიენაა. მაშინ, როდესაც წყლის რაოდენობის დიდი გამოყენებაა ობიექტზე, ამ კუთხით გრძლევადიან პერსპექტივაში მთლიანად უზრუნველყოფა წარმოუდგენელია. 1 კვირა არის ის პერიოდი, როცა გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება , რესტორანმა მუშაობა შეწყვიტოს. 1 კვირის განმავლობაში რესტორანი უწყლოდ ვერ იფუნქციონირებს. აქ არა მარტო რესტორანზეა საუბარი, არამედ სასტუმროებზეც. პირობითად, დღეს, თუ რომელიმე რესტორანი 50-100 ადამიანს იღებს , ამ შემთხვევაში 20-ს მიიღებს , შესაძლებელი იქნება, გაუმკლავდეს მოთხოვნას, სასტუმროში წყალი პირველადი მოთხოვნაა , სასტუმროს თუ 200-300 სტუმარი ჰყავს, ვერცერთი რეზერვუარი ამას ვერ შეავსებს. დღეს ინფრასტრუქტურა ისე მოგვარებული არაა, რომ რომელიმე სასტუმროს სადღაც სახურავზე დიდი რეზერვუარი ჰქონდეს. დღეს თბილისში წყლის 1 კვირით გაჩერება კოლაფსია.
სასტუმროებს ხალხის სხვა სასტუმროებში გადანაწილება მოუწევთ. რესტორნის სიტუაცია ასეთია – ბევრ სტუმარს არ მიიღებს, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობას მიიღებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, თბილისში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება.
დაახლოებით 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი – 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და მაქსიმუმ 1 კვირა დასჭირდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.