“ბორჯომისთვის  საკურორტო იდენტობის გაძლიერების ხედვის მიმართულება შეირჩა” –  „სითი ინსტიტუტი საქართველომ”   ბორჯომის გენგეგმის   ხედვაზე მუშაობა დაასრულა

ურბანული განვითარების კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველომ “ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვის საბოლოო ვარიანტი წარადგინა.

ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტის კოორდინატორმა, ურბანისტმა ანდრო ქორთუამ ისაუბრა. მისი თქმით, ბორჯომისთვის საკურორტო იდენტობის გაძლიერების ხედვის მიმართულება შეირჩა.

“ხედვა ამ ეტაპზე უკვე ჩაბარებულია . ის მრავალკომპონენტიან კვლევას ეფუძნება, რომელიც ჯგუფმა გასული 4 თვის განმავლობაში ჩაატარა . ამ პერიოდში ბევრი შეხვედრა, “ვორქშოფი” გაიმართა, როგორც დამკვეთთან, ასევე ქალაქთან სამუშაო ჯგუფში. ამ ყველაფრის საფუძველზე ერთიანი, ჩამოყალიბებული აზრით ბორჯომისთვის საკურორტო იდენტობის გაძლიერების ხედვის მიმართულება შეირჩა. ამ შეხვედრებში, გაერთიანებული ფორმატის ფარგლებში ყველა ასაკობრივი კატეგორია იყო ჩართული, მათ შორის სტუდენტები, ახალგაზრდები , გამოცდილი არქიტექტორები, მგეგმარებლები, ბევრი სპეციალისტი დამკვეთის მხრიდანაც, მათ შორის ქალაქის მერიის წარმომადგენლებიც. ამ კომპლექსურ ჯგუფში წარმოდგენილი იყო, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბორჯომი სამომავლოდ, ხედვა იყო ისევ საკურორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების, იმ ბუნებრივი რესურსების უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით, რაც ქალაქს გააჩნია. პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმ ღირებულებების, საფუძვლების შენარჩუნებას, რაც ქალაქს დასახული მიმართულების მიღწევაში დაეხმარება. ხედვის ამოსავალი წერტილი, 5 ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რაც ჯგუფმა დასახა , პირველ რიგში, საკურორტო რესურსის ოპტიმიზაციაა, მეორე მიზანი ქალაქის იერსახეს ეხება, თუ ქალაქის იერსახე შენარჩუნებული არ იქნა , ლანდშაფტი დაცული არ იქნა, ეს ღირებულება უკეთ არ იქნა წარმოჩენილი თუნდაც ინვესტორებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვიზიტორებისთვის, ზედმეტი იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორი განვითარების მიმართულება შეიძლება, მოჰყვეს ბორჯომს სამომავლოდ. მესამე მიზანი დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობაა, სადაც ამოცანები ძირითადად მიმართულია იმაზე, რომ ქალაქში ახალგაზრდა ნაკადები იქნეს შენარჩუნებული, დამატებითი რესურსი იყოს მობილიზებული. აქ არის ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინება, რაც ქალაქისთვის სოციალური ინფრასტრუქტურის და ძირითადი კომუნიკაციების უზრუნველყოფას გულისხმობს. რაც ყველაზე მთავარია – უსაფრთხოების და მედეგობის გაზრდა , რადგან სამწუხაროდ, საქართველო აქტიურ სეისმურ რეგიონშია, არის იმის რისკები, რომ იყოს მაღალი ბუნებრივი საფრთხეების კერები , განსაკუთრებით ბორჯომის შემთხვევაში, რომელიც ხეობაშია და თუ ეს მომენტი არ იქნა უზრუნველყოფილი , მაქსიმალურად დაცული, მაშინ ქალაქის პოპულარიზაცია და უსაფრთხოება,რაც პრიორიტეტული უნდა იყოს, ყველანაირ ფასს დაკარგავს. მრავალკომპონენტიანი კვლევის ეტაპზე ცალკეული თემატიკა და რესურსი ბუნებრივი საფრთხეების და ბუნებრივი გარემოს კვლევას დაეთმო. პირველ რიგში, აქ გათვალისწინებულია ის შეზღუდვები, არეალები, რომელიც საკანონმდებლო ნორმების ფარგლებშია გათვალისწინებული. ეს არის წყალდაცვითი ზონები , გასხვისების არეალები, სანიტარული დაცვის არეალები და ა.შ. ბორჯომი თავისი მინერალური რესურსებითაა ცნობილი, ამ რესურსებს თავისი სანიტარული დაცვის ზომები გააჩნია, რომლის დაცვაც აუცილებელია. ამას დამატებული ის გარემოსდაცვითი შეზღუდვები, რაც რისკის კერების მიმართ ქალაქის მედეგობის გაზრდას გულისხმობს. გეოლოგიური კვლევაა ჩატარებული , სადაც იდენტიფიცირებულია მაღალი რისკის ზონები, მეწყერსაშიში ზონები და ა.შ . ამას დამატებული მტკვრის დატბორვის არეალების მოდელირებაა შემუშავებული. ბუნებრივია, ამ ყველა მიდგომას, მოცემულობას ჯგუფი უკვე შემდგომ ეტაპზე , პროექტირების და კონცეფციის ეტაპზე პრიორიტეტულად გაითვალისწინებს, სადაც უპირველესი ამოცანა ამ არეალების დაცვა და იქ არასამშენებლო ტერიტორიების შენარჩუნება იქნება” – განაცხადა ანდრო ქორთუამ.

მისივე თქმით, უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს მერია საკმაოდ კარგად მართავს. რაც შეეხება ქაოსურ მშენებლობებს – როგორც ქორთუამ აღნიშნა, ბორჯომი მსხვილი ინვესტორებისთვის დიდი ინტერესის სფერო არ არის.

“ჩვენ ოფიციალური მონაცემთა ბაზით ვიხელმძღვანელეთ, რომელიც მერიამ მოგვაწოდა. ეს მონაცემები მთლიანი მუნიციპალიტეტის ფარგლებში იყო. აქ ბორჯომის შემთხვევაში დიდი პრობლემური სურათი არ დგას. ძირითადი აქცენტები მუნიციპალიტეტის ფარგლებში გამოკვეთილია სხვა არეალებში , როგორიცაა ბაკურიანი, სადგერი, უშუალოდ ქალაქ ბორჯომის საზღვრებში ეს პრობლემა არ დგას. მოგეხსნებათ, საქართველოს რეალობაში ერთი – ორი დარღვევა ყველგან ფიქსირდება. ამ შემთხვევაში ბორჯომი გამონაკლისი არაა. მერია საკმაოდ კარგად მართავს ამ პროცესებს. თითქმის ყველა უნებართვო მშენებლობაზე შესაბამისი იურიდიული პროცედურებია დაფიქსირებული, რაც გულისხმობს ჯარიმებს, აქტს დემონტაჟზე და ა.შ. რაც შეეხება ქაოსურ მშენებლობებს – აქაც იგივე პრინციპია, ბორჯომი საბედნიეროდ, არ არის დიდი ინტერესის სფერო მსხვილი ინვესტორებისთვის, მშენებლებისთვის, რაც შეიძლება, ბევრისთვის გაუგებარი იყოს, თუმცა, რეალობა ესაა” – განაცხადა ქორთუამ.

მისივე თქმით, სავალალო მდგომარეობა არცერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ არ შეინიშნება, თუ რამე პრობლემურია, ძირითადად, უძველესი პერიოდის ძეგლების, ციხეების მდგომარეობაა. “კულტურული მემკვიდრეობა, ფაქტობრივად, იერსახის გაუმჯობესების და შენარჩუნების მიზნის საფუძველია. ვიცით, ბორჯომში რამდენად მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობაა, რამდენად მრავალფეროვანი იყო მისი წარსული , იქიდან გამომდინარე, რომ აქ სხვადასხვა კულტურის და ფენის წარმომადგენელი საკმაოდ კომპლექსურად ირეოდა, მათ ეს კვალი დატოვეს. ამ ღირებულებების შენარჩუნება და უკეთ დაცვა აუცილებელი წინაპირობა იქნება მისი წარმატებისთვის. უბრალოდ, ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან ის პრაქტიკები ვისესხოთ, რომლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მათ დალუქვას არ გულისხმობს, არამედ ყოველდღიურობაში მათ აქტიურ ჩართულობას ნიშნავს, თუნდაც ეკონომიკის წახალისების თვალსაზრისით. რაც შეეხება მათ მდგომარეობას- დღევანდელი მდგომარეობით, სავალალო მდგომარეობა არცერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ არ შეინიშნება. თუ რამე პრობლემურია, ძირითადად, უძველესი პერიოდის ძეგლების, ციხეების მდგომარეობაა, რომელთა შორისაა ნუას ციხე, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ციხე, რომლის ირგვლივაც რეალურად ბორჯომის დაარსებაა განპირობებული. ალბათ, დღევანდელობაში მის მდგომარეობას ფიზიკურად ვეღარ აღვადგენთ, იმდენად მინიმალური ფრაგმენტებია შემორჩენილი. შეიძლება, მაქსიმალური რეგულირების ფარგლებში იქნეს შენარჩუნებული. აქ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია – ეს ძეგლიც კი ქალაქის საზღვრებში არ შემოდის, უშუალოდ დაცული ტერიტორიების საზღვრებშია, რაც იმას გულისხმობს, რომ მის ვიზუალურ და ფიზიკურ დაცვის არეალს ქალაქი ნაწილობრივ ფარავს, თუმცა, სრულად ვერა”- განაცხადა ქორთუამ.

მისივე თქმით, დოკუმენტის საბოლოო დასრულების სავარაუდო თარიღი 2025 წლის მაისის დასაწყისია.

“ამ ჩაბარებული ხედვის შემდგომ კონცეფციის ეტაპზე გადავდივართ. მოგეხსნებათ, ორი ტიპის დოკუმენტს ვამუშავებთ. ესენია გენერალური გეგმა და განაშენიანების გეგმა. განაშენიანების გეგმა ოდნავ უფრო დეტალურია, ვიდრე გენერალური. მათი კონცეფციები ცალ-ცალკე მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამკვეთი “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოა“, ეს კონცეფციები ადგილობრივი საკრებულოს მიერ უნდა დამტკიცდეს. ამ კონცეფციების დამტკიცების ეტაპის დასრულებისთანავე , უშუალოდ პროექტის დაგეგმვის შემუშავების ეტაპზე გადავდივართ, სადაც რეგლამენტირებული სახით უნდა გაიწეროს რეგულაციები, რაც ქალაქში იარსებებს. დღევანდელი მდგომარეობით, პროექტის საბოლოო დასრულების სავარაუდო თარიღი 2025 წლის მაისის დასაწყისია” – განაცხადა ქორთუამ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები