“კიდევ ერთხელ, ეს იყო არასწორ პოლიტიკურ კონტექსტში ნათქვამი სიტყვები, რომელიც თავისთავად ტოვებს გარკვეულ აღქმას, რომ არის აბსოლუტურად დაუშვებელი საკითხების დაშვება, რაც, თავის მხრივ, არის დაუშვებელი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა კობახიძე-ვარჰეის სატელეფონო საუბარზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე აღნიშნა, პრემიერ ფიცოს შემთხვევის დაკავშირება იყო აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად გარკვეული მინიშნების მიმცემი.
“მაშინ ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება, ვთქვათ, რომ კი, მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ესროლოს ვიღაცას? ანუ ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა, როდესაც პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, თუ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა კანონმდებლობის საკითხს, აქ ექსტრემიზმის, როგორც სავარაუდო სცენარის მოყვანა, ამავდროულად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს ამ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ პროევროპული ჯგუფები შეიძლება ექსტრემიზმით დაკავდნენ და ვიღაცას ტყვია ესროლონ, ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.