თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ გვინდა, ქვეყანაში შევქმნათ პირობები, სადაც პროპაგანდას ხელი არ ეწყობა და წახალისება არ ხდება

ჩვენ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში შევქმნათ პირობები, სადაც პროპაგანდას ხელი არ ეწყობა და მისი წახალისება არ ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში დაუშვეს ასეთი ტიპის პროპაგანდა. მაგალითად, არის გადაცემები, სადაც მათ შორის, ბავშვებს იწვევენ და ისეთ დროს უშვებენ, როცა ბავშვსაც შეუძლია, უყუროს. ბავშვებს ეუბნებიან – შენ თვითონ შეგიძლია, აირჩიო სქესი. მიდიან საბავშვო ბაღებში და იქ ცდილობენ, რაღაც გენდერნეიტრალური პოზიციები დაამკვიდრონ. ბავშვს ეუბნებიან, შენ ბიჭი ან გოგო კი არ ხარ, შენ ხარ ბავშვი და ცოტა ასაკი რომ მოგემატება და გაიზრდები, მერე აირჩევ, ბიჭი ხარ, თუ გოგო. ჩვენ ამ ტიპის პროპაგანდას შევეწინააღმდეგებით. არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ დღევანდელ ინფორმაციის ეპოქაში აბსოლუტურად შეგიძლია, გადაკეტო ეს ინფორმაცია, რათა ამ ტიპის ინფორმაციას ვერავინ ვერსად მიაგნოს, მაგრამ ჩვენ თუ ასე შევხედავთ ყველაფერს, მაშინ ბევრი ჩვენი და ევროპაში მიღებული კანონმდებლობა წყალში გადასაყრელი ყოფილა. მაგალითად, დადგენილია, სკოლიდან რამდენ მეტრში არ შეიძლება, გაიყიდოს სიგარეტი. ხომ კარგად გვესმის, რომ 50 მეტრს თუ ჩაწერ, 55-ე მეტრზე წავა და იყიდის. ანუ, აბსოლუტურად ვერ ფარავ ამას, მაგრამ შენ ხელს უწყობ იმას, რომ ამას ხელი არ შეუწყო. ანუ, არ ქმნი იმ პირობებს, რომ ამ ყველაფერს ხელი შეეწყოს, თორემ იმის ილუზია არავის აქვს, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციულ არხებს გადაკეტავ, ბავშვი ინტერნეტში ვერ შევა და იქ ვერ ნახავს ასეთი ტიპის გადაცემებს ან კინოფილმებს, მაგრამ შენ არ უნდა შექმნა ეს პირობები“, – განაცხადა შარმანაშვილმა გადაცემაში “გადაწყვეტილება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები