“ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში“

  ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველას უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე სტატუსი, შესაძლებლობა, მიუხედავად მისი სოციალური წარმომავლობისა, მატერიალური მდგომარეობისა თუ ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნისა.
“ყველას უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე სტატუსი, შესაძლებლობა, მიუხედავად მისი სოციალური წარმომავლობისა, მატერიალური მდგომარეობისა თუ ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნისა, იგივე, როგორიც არის მაგალითად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში, დაცული უნდა იყოს ღირსება, ქალები თანაბრად უნდა სარგებლობდნენ იმ უფლებებით, რითაც მამაკაცები და შეეძლოთ, იგივე წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აუცილებლად უნდა ვახსენო შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, ასევე უმცირესობების უფლებები. ისინი უნდა იყვნენ დაცული სახელმწიფოსგან შესაბამისად”, – განაცხადა ჰამერბერგმა. მისი თქმით, ყველა ეს ძირითადი უფლება აღიარებული იყო ჯერ კიდევ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში და დღევანდელ კონსტიტუციაშიც მთელი თავი ეძღვნება ადამიანის უფლებებს.
“ეს უფლებები არის გაწერილი სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში, მაგრამ მათზე გაცილებით ადრე იყო საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. როდესაც საუბარია ადამიანის უფლებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიულ პროცესებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა და არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა იმიტომ, რომ ვიღაც ვასიამოვნოთ ბრიუსელში, ან წინ წავწიოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, ყველა ეს მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების დაცვა ემსახურება ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლებების გაუმჯობესებას”, – განაცხადა ჰამარბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები