ჯოზეფ ბორელი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემთხვევაში შესაფერისი რეაგირების განხილვა დავიწყეთ – გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ

High Representative of the European Union for Foreign Affairs and Security Policy Josep Borrell speaks to members of the media as he attends a European Union (EU) Foreign Ministers' meeting in Brussels, Belgium January 23, 2023. REUTERS/Johanna Geron

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის შესაფერისი რეაგირების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ წევრი ქვეყნები მზად იყვნენ, მიიღონ გადაწყვეტილებები ყოველთვის, როცა იარსებებს რაღაც, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.

„ჩვენ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს. კანონის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი რეაგირების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველ ხალხს მოუწევს, ხმა მისცეს თავისი ქვეყნის ტრაექტორიას და მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, საბოლოოდ იქონიოს გავლენა ბენეფიტებზე, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად მიიღებენ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები