კობა კობალაძე აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors“ – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალ დაკარგულთათვის“) სათავო ოფისში, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, ოთხ ვარსკვლავიან გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი შეხვედრა, „TAPS“-ის 30-ე ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მას TAPS-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„როგორც გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა შეხვედრაზე განაცხადა, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ერთმანეთთან, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს ქვეყნის განვითარებაში. მან მადლიერება გამოხატა იმ ჰუმანიტარული პროექტების, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობისთვის, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა, ისაუბრა იმ პროგრამებზეც, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მან, მადლობა გადაუხადა ქალბატონ ბონი ქეროლს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ TAPS-სთან თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ, ახალ, უფრო მჭიდრო და ქმედით ეტაპზე გადაიყვანა დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, 2002 წელს მინიჭებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში – ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები