მიხეილ დაუშვილი: მნიშვნელოვანი არ არის, შევაფასო „ლელოს“ მოქმედებები, მახსოვს, ბარიერის გადალახვაში დახმარებას ვცდილობდით და, ამის მიუხედავად, 24 საათი ჩვენზე თავდასხმით იყვნენ დაკავებული
პარტია საქართველოსთვის დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მისთვის „ლელოს“ გადაწყვეტილებების შეფასება მნიშვნელოვანი არ არის.
დაუშვილს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, შევაფასო „ლელოს“ და ხაზარაძის მოქმედებები თუ გადაწყვეტილებები. ეს არის ხალხი, რომლებზეც, მახსოვს, არაფერს ვამბობდით, გარდა იმისა, რომ გვინდოდა და ვცდილობდით, ყველანაირად დავხმარებოდით, ბარიერი გადაელახათ. ამის მიუხედავად, 24 საათი ჩვენზე თავდასხმით იყვნენ დაკავებული. ხან მორატორიუმებს აცხადებენ, ხან ამ მორატორიუმებს აუქმებენ, საბოლოო ჯამში, არ ვიცი, ამ ტიპის განცხადებები რამდენად სერიოზულია. ყველას თავისი გზა, გადაწყვეტილება აქვს. უნდათ ერთიანი სია გააკეთონ, უნდათ არ გააკეთონ. ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ამ სტრატეგიას მივყვებით. ჩვენი მთავარი მიზანია, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე არ მივცეთ საშუალება, რამე ტიპის მანიპულაციებით მიითვისოს ჩვენი მოქალაქეების ხმები“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.