“თუ საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდება, ფასი საქართველოშიც მოიკლებს, საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არაა” – „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, თუ საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდება, ფასი საქართველოშიც მოიკლებს. ამის შესახებ იობაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საქართველოს შიდა სანავთობო ბაზარი სარკისებურად, პირდაპირაა დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რაც საერთაშორისო სანავთობო ბაზრებზე ხდება. პოლიტიკას მსოფლიო ბირჟები განსაზღვრავს, პლაცის პოლიტიკა, ლონდონის და ნიუ- იორკის დადგენილებები, რომლებიც ყოველდღიურად დგება. ამ ფონზე მინდა, გითხრათ, რომ გეთანხმებით, ფასი ნელ-ნელა იკლებს, ეს ტენდენცია გვაქვს. მაგრამ აღნიშნულ თემაზე უცბად, მყისიერად რომ გავაკეთოთ რეაგირება, ეს არც ისე დიდი რყევებია. ქვეყანაში დიდი მარაგებია, ნებისმიერ დიდ კომპანიას დიდი მარაგები აქვს. ყოველდღიურად ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. დაველოდებით, რა მოხდება, რა გავლენას იქონიებს [საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენცია]. საერთაშორისო ბაზარზე ფასმა მოიკლო? მოკლების ტენდენცია [საქართველოს] ბაზარს უნდა შეეტყოს, მოიმატა? უნდა მივეჩვიოთ, იმასაც, რომ მოიმატებს. ფასთა ყველა კლება ასახული უნდა იყოს, ოღონდ იმის გათვალისწინებით, მარაგები რამდენია შემოტანილი, რა ფასებშია, რა ინვოისებია. ამას შრომატევადი მუშაობა სჭირდება. ყოველდღიურად ყველა კომპანიის ეკონომისტები და ფინანსისტები ამაზე მუშაობენ.
ახლა ჩვენ ძველი, მომატებული ფასების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ, არა იმდენი რაოდენობით, რომ განგაში ავტეხოთ. დამეთანხმებით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მოკლებამდე, ფასების მომატება იყო. ამ მომატებული ფასების დროს ბევრი საწვავი იქნა შემოტანილი.
ეს ტენდენცია კლებისკენ თუ გაგრძელდება, ფასი [ჩვენთანაც] მოიკლებს. მოიმატებს? ფასი გაჩერდება. კიდევ უფრო მოიმატებს? ჩვენთანაც მოიმატებს. ესაა ფორმულა”, – განაცხადა იობაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საწვავზე არანაირი დეფიციტის საშიშროება არ ყოფილა და ეს არცაა მოსალოდნელი.
“ვერ დავეთანხმები ვერცერთს, ექსპერტი იქნება, თუ ტრეიდერი იმაში, რომ ჩვენ დეფიციტი შეგვექმნა. სხვაზე მეტი ინფორმაცია მაქვს. ჩვენთან ყველა კომპანიაა გაერთიანებული. შემიძლია, ჩემს ქვეყანას ვუთხრა, რომ ჩვენთან არანაირი დეფიციტის საშიშროება არ ყოფილა, არ იქნება და არცაა მოსალოდნელი. შეიძლება, ამის განმცხადებელს მხედველობაში ის ჰქონდა, რომ დეფიციტი რუსეთს შეექმნა. კი, ბატონო, ამაში ვეთანხმები. რუსეთში დეფიციტია. დეფიციტია, რადგან რუსეთს გადამამუშავებელი კომპლექსები თანდათან ხელში ადნება. ახლა იმაზე წავიდა ლაპარაკი, რომ მალე, ალბათ, რუსეთი ემბარგოს მოხსნის და საწვავს შემოგვთავაზებს. მაგრამ, მინდა, გითხრათ, რომ თუ ის ჩვენ საწვავს კარგი “დისქაუნთით” არ მოგვცემს, თუ იგივე ფასი იქნება, რაც ევროპულს აქვს, მაშინ რა აზრი აქვს? “დისქუანთით” უნდა მოგვცეს. არა? მაშინ არ გვინდა”, – განაცხადა იობაშვილმა.