გიორგი ვოლსკი: წარმატებისთვის გულშემატკივრობას დიდი მნიშვნელობა აქვს, საპირისპიროდ იმისა, რასაც ჰქვია ფეხბურთელების ყოველდღიური, ინტენსიური ბულინგი
რასაკვირველია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ ფეხბურთელებს არ მოაკლდეთ არც გულშემატკივარი და ამ გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს საკმაოდ მოსახერხებელი საშუალება, რომ ჩავიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
გიორგი ვოლსკი აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება.
„ძალიან დიდი მოვლენაა ის, რომ ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. რასაკვირველია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მათ არ მოაკლდეთ არც გულშემატკივარი და ამ გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს საკმაოდ მოსახერხებელი საშუალება, რომ ჩავიდეს.
წარმატებისთვის, რა საკვირველია, გულშემატკივრობას დიდი მნიშვნელობა აქვს, საპირისპიროდ იმისა, რასაც ჰქვია ფეხბურთელების ბულინგი ყოველდღიურად, ინტენსიურად, რომ გარკვეული პოლიტიკური პოზიცია გამოხატოს თითოეულმა მოთამაშემ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.