საქსტატი: 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 228 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგებს აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 228 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (62.7%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (16.2%), ქვემო ქართლის რეგიონში (5.7%), იმერეთის რეგიონში (4.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.9%), აჭარის ა.რ.-ში (3.5 %), მცხეთამთიანეთის რეგიონში (1.3%), კახეთის რეგიონში (1.3%), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.4%) და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.4%).

ამასთან, 2024 წლის I კვარტალში მომსახურება გაეწია 324 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 980 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 339 კაცით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის I კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 89.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 40.8% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 14.8% – ხილი და ბოსტნეული, 16.1% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.7% – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2024 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 125.6 მლნ. ლარის ღირებულების (27.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 23.6%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 23.4%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 53.0%. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 48.9% მოდიოდა ქათმის ხორცზე.

რაც შეეხება ელევატორებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 32 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.3%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15.6%) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.5% ფუნქციონირებს კახეთის, 12.5% ქ. თბილისში, 9.4% – შიდა ქართლის რეგიონში, 9.4%- იმერეთის რეგიონში, 6.3% – გურიის რეგიონში და 3.1% – აჭარის ა.რ.-ში.

2024 წლის I კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 21 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 436 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 104.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46.6%-ს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 59.8%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

ამასთან, 2024 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 63.2 მლნ. ლარის ღირებულების 57.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 47.4% იმპორტირებული პროდუქცია იყო.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 79.3%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.9%-ს, თებერვალში – 56.2%-ს, ხოლო მარტში – 53.5%-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები