საქსტატი: 2024 წლის I კვარტალში სასაკლაოების მიერ 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასაკლაოების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 % მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.7% ქვემო ქართლის რეგიონში, 14.9% – შიდა ქართლის რეგიონში, 13.2% – იმერეთის რეგიონში, 11.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.1% -მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 17.4% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 100.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.8% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.1% – ღორი, ხოლო 4.0% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.0% შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 989.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2024 წლის I კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.2% – ფრინველის ხორცზე, 28.2% – ღორის ხორცზე, 0.6% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.1 ათას პირს, საიდანაც 37.6% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 36.5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 15.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.7 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები