ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, რაფაჰში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
“ეს ოპერაცია კიდევ უფრო უთხრის ძირს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას და სულ უფრო იწვევს მოსახლეობის შიდა გადაადგილებას, შიმშილს და ადამიანურ ტანჯვას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბორელი აღნიშნავს, რომ რაფაჰსა და მის გარშემო მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება და მათ ისეთ რაიონებში ურჩიეს გადასვლა, რომლებიც, გაეროს აზრით, არ შეიძლება, უსაფრთხოდ ჩაითვალოს.
“მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მან ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების შესაბამისად უნდა გააკეთოს და უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, “თავი შეიკავოს ისედაც რთული ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისგან და რაფაჰის გამშვები პუნქტი გახსნას”.
ბორელი ამბობს, რომ “თუ ისრაელი რაფაჰში ოპერაციას გააგრძელებს, ეს გარდაუვალად გამოიწვევს ევროკავშირსა და ისრაელის ურთიერთობაში სერიოზულ დაძაბულობას”.