ალუდა ღუდუშაური: დღეს ქვეყანას ჰყავს მდარე ხარისხის ოპოზიცია
მმართველი გუნდის წევრის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ქვეყანას მდარე ხარისხის ოპოზიცია ჰყავს.
“რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის, დღეს ქვეყანას ჰყავს, ერთი მხრივ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წამსვლელი ოპოზიცია და, ამავე დროს, ძალიან უხარისხო და მდარე ხარისხის ოპოზიცია. იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, რომ რაღაცას აპროტესტებს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მეგობრები, თქვენ ხართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც შეუძლიათ ტყუილი და შეუძლიათ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დეკლარირებულად წასვლა. პარლამენტის წინ გაათენებინეს ადამიანებს, თვითონ შენობაში იყვნენ თბილად, კომფორტულად. ჩვენი მოსახლეობის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ სამი დღით ადრე იდება პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კომიტეტის სხდომის თარიღი, დრო, დღის წესრიგი და ყველა დეტალური ინფორმაცია. მათთვის ძალიან კარგად იყო ეს ცნობილი. დეპუტატებს, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, შევიდნენ მითითებულ დარბაზში, ჩვენ იქ ოპოზიცია ვერ დავინახეთ, თუმცა, გარეთ იყვნენ. კომიტეტის დარბაზის გარეთ იდგნენ, ზოგი სელფს იღებდა და ზოგი სარკეში ტუჩსაცხს ისვამდა. აი ასეთი მძიმე რეალობა იყო“, – აღნიშნა ღუდუშაურმა “ქრონიკასთან”.