“ძალიან დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორებს კულისებშიც და ღიადაც იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ, მაგრამ ვსაყვედურობთ იმას, რაც გაუმჭვირვალე და დაფარულია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი ვიღაცის ამოჩემება არ არის.
„ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ, მაგრამ ისეც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ზედმეტად მიამიტურად იყოს ეს დახურულ კარს მიღმა. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ვიცით მათი ინტერესები, იციან ჩვენი ინტერესებიც. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ კულისებშიც და ღიადაც იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ, მაგრამ ვსაყვედურობთ იმას, რაც გაუმჭვირვალე და დაფარულია. სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა შსს-მ ინფორმაცია, 20 დაკავებულ ადამიანში ორი ამერიკის მოქალაქეა და ერთი რუსეთის, ერთ-ერთი დაკავებული ვინაობას არ ამხელს. წინა შემთხვევაშიც ერთი რუსეთის მოქალაქე იყო. რა ხდება? როგორი თანხვედრები ხდება? ლიაკა ხოშტარიას დაფინანსების არ იყოს, სად ხდება თანხვედრა. ამას ემსახურება სწორედ გამჭვირვალობის კანონი და ამას მოემსახურება.
გამჭვირვალობის კანონი რამე პანაცეა კი არ არის ან ამოჩემება ვიღაცის. ბევრ რაღაცაზე, შეიძლება ყველაფერზე ვერა, მაგრამ გასცემს ძალიან კონკრეტულ პასუხს. ჩემო მეგობრებო, იქ რომ დგახართ, ეს კითხვები დაუსვით საკუთარ თავს. სულ რომ მართლები იყოთ, ჯერ არ შეიძლება მართალი იყოთ, როგორ შეიძლება ეს კანონი რუსული იყოს, ერთია არგუმენტი ვერ მოიტანა ვერავინ, მაგრამ რაღაც სწამს ადამიანს, რაღაც რწმენით იბრძვის, ვის გვერდით იბრძვით, ამაზე ხომ უნდა დაფიქრდეთ „ნაცის“ გვერდზე რუსეთის წინააღმდეგ რანაირად იბრძვით“, – აღნიშნა მდინარაძემ.