პროკურატურა შელიას გარდაცვალების საქმეზე გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე ოთხი ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ჯემალ შელიას გარდაცვალების ფაქტზე სამართალდამცველებმა აკაკი გვასალია, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიები დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ ჯემალ შელიას მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს გლდანის პირველი მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან კობახიძეს, ჯემალ შელიას, გიგა პავლიაშვილსა და ვაჟა სანთელაძეს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა – აკაკი გვასალიამ, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებმა, ჯიხურში მყოფ ლევან კობახიძის დედას ელზა კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების დროს სასტიკად იქნა ნაცემი ჯემალ შელია, რომელიც მიღებული დაზიანებებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა.
აკაკი გვასალიას, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებს ბრალი წარედგინათ სსკ- 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 10 წლამდე ვადით. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მიერ ოთხივე პირის ბრალდება დადასტურებული იქნა სასამართლოში გამოკვლეული თანმიმდევრული და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო – სამედიცინო დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით.
“მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული პროკურატურის მტკიცებულებები. მოსამართლე გ.დარახველიძემ წარდგენილ ბრალდებაში ოთხივე პირი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.