სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრი უფლებამოსილი პირების ტრენინგის მეორე ეტაპს იწყებს

სასჯელაღსრულების სისტემის ტრენერები სპეციალური საშუალებების გამოყენების ტექნიკას პოლონელი ექსპერტების ხელმძღვანელობით შეისწავლიან. სპეციალური საშუალებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონქვემდებარე აქტის ამოქმედების პარალელურად, აღნიშნული ცვლილების ეფექტიანად და გამართულად იმპლემენტირების მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი უფლებამოსილი პირების ტრენინგის მეორე ეტაპს იწყებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თხუთმეტ უფლებამოსილ პირს, როგორც ტრენერებს, სპეციალური საშუალების გამოყენების ტექნიკას პოლონელი ექსპერტები – პიოტრ იარჩევსკი და მიროსლავ კუსვიკი შეასწავლიან, რომლებიც კალიშეს სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ტრენერები არიან. მოგვიანებით, აღნიშნული ტრენერები სისტემის სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებსაც მოამზადებენ. პრაქტიკულ ნაწილში ტრენინგის მონაწილეები, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით, სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციფიკას შეისწავლიან და საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნობიან. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ თეორიულ ნაწილს ტრენინგის მონაწილეები ქართველ ექსპერტთან -ალექსანდრე დარახველიძესთან გაივლიან, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების მომზადებაში მონაწილეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა ტრენინგის პირველი ეტაპი, გაიარეს, რომელსაც ირლანდიელი ექსპერტი უძღვებოდა. სწავლების მიმდინარეობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი გაეცნენ. სტუმრებს და მედიას სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლებისა და გარემოებების ამსახველი რამდენიმე მოდელირებული სცენარიც წარუდგინეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პატიმრობის კოდექსითა და მინისტრის ბრძანებით მკაფიოდ გაიწერა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარემოებები და საფუძვლები, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო. შესაბამისად, თუ ძალის გამოყენების საჭიროება დადგება, ძალა გამოყენებული იქნება ლეგიტიმურად და შექმნილი საფრთხის პროპორციულად, მკაფიოდ გაწერილი კანონის ფარგლებში.
გარდა ამისა, იმ პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა, ვის მიერაც იქნება გამოყენებული აღნიშნული სპეციალური საშუალებები. ამ ბრძანების ამოქმედებით არაფერი იცვლება იმ პატიმრებისთვის, ვინც წესის დაურღვევლად იხდის სასჯელს.
„ვერავინ მოითხოვს, რომ არ იყოს დაცული პატიმრებისა და პერსონალის უფლებები და უსაფრთხოება. საზოგადოებას აქამდე ესმოდა პატიმრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ, თუმცა ძალადობისა და შეურაცხყოფის ადრესატი ზოგჯერ დაწესებულების პერსონალიც ხდება, რაც არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ ფაქტად (ამ ორი წლის განმავლობაში 57 თავდასხმის ფაქტია დაფიქსირებული დაწესებულების პერსონალსა და ექიმებზე). წესრიგი ვერ იქნება დაცული შიშველი ხელებით, ამისათვის ზოგჯერ საჭიროა ლეგიტიმური ძალის გამოყენებაც, თუმცა აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამის საჭიროება მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც მსჯავრდებული არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და მოწოდებას წესრიგის დაცვისკენ“, – განაცხადა ბესიკ დევდარიანმა. ს
პეციალური საშუალებების შესახებ მინისტრის N145 ბრძანება მიმდინარე თვიდან ამოქმედდა. სპეციალური საშუალებების დანერგვის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და წესრიგის ეფექტიანად დაცვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები