ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარების: დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. უკვე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.