ილია მეორე იმ სასწაულს იხსენებს, რომელსაც ის შეესწრო

   საუკუნეების განმავლობაში ღვთისმშობელი საქართველოს, რომელიც მისი წილხვედრი ქვეყანაა, იცავს ხილული და უხილავი მტრებისგან – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა ბავშვობის ისტორია მოყვა, რომელიც დედას შეემთხვა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, დედამისი უშუალოდ გახდა ღვთისმშობლის სასწაულის მხილველი.
“მე მახსენდება ჩემი ბავშვობა. ბავშვობაში ჩვენ დავდიოდით წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, ვლადიკავკაზში. იქ არის საფლავი წმინდა ანასტასიასი. ერთ კვირა დღეს, ჩვენ წავედით ტაძარში. შუა წირვის დროს დედაჩემი გამოვიდა ტაძრიდან, ჩვენ დაგვტოვა ეკლესიაში და წმინდა ანასტასიას საფლავთან მივიდა. იქ იდგა 16 ადამიანი და ტიროდა. დედაჩემს უკვირდა რატომ ტიროდა ყველა და ჰკითხა მათ. ისინი კი ასევე შეეკითხნენ ვერაფერი დაინახეო? შემდეგ კი უთხრეს, რომ პირჯვარი გადაეწერა და მუხლებზე დამდგარიყო. დადგა მუხლებზე დედაჩემი, გადაიწერა პირჯვარი და დაინახა, რომ საფლავზე დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრით ხელში. დაიწყო ტირილი დედაჩემმა და დაიხარა, რომ ფეხებზე მთხვეოდა, თუმცა გაქრა ღვთისმშობელი, შემდეგ კი ისევ გამოჩნდა. ეს იყო დღე, წირვის დროს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აჩვენა ხალხს, რომ ის მფარველობდა იმ ქალაქს, ვლადიკავკაზს”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები