მაკა ბოჭორიშვილი: შესაძლოა, საზოგადოებას ორგანიზაციების დაფინანსება საერთოდ არ აინტერესებდეს, თუ ორგანიზაციას არ ექნება ამბიცია, ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, საზოგადოებას ორგანიზაციების დაფინანსება საერთოდ არ აინტერესებდეს, თუ ამ ორგანიზაციას არ ექნება ამბიცია, ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისეთ ვითარებაზე, როდესაც გაზრდილია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და ჩვენც ვხსნით კარს, იმავე ცხრა ნაბიჯის განხილვის პროცესში კარს ვხსნით პარლამენტში და ვპატიჟებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მათი აზრი მოვისმინოთ. რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა ინტერესები დგას პოზიციების უკან, რომელიც გამოითქმის მაგიდასთან, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, განსხვავება, რაც შეიძლება, იყოს თუნდაც FARA-ს, ფრანგულ კანონს და კიდევ სხვა კანონებს შორის, არის ის, რომ ეს კანონები კიდევ უფრო შორს მიდის.
„ჩვენ, გარკვეულწილად, რაღაც მინიმალურ ეტაპზე ვჩერდებით გამჭვირვალობის და ამ კანონპროექტში სხვა არანაირი მექანიზმი არ არის ჩადებული, რაც, ვთქვათ, საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში რამე მექანიზმს აამუშავებდა რომელიმე ორგანიზაციის წინააღმდეგ. ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ? არ ვსაუბრობთ არა იმიტომ, რომ საფრთხეს დავინახავთ, გავჩერდებით და არაფერს არ გავაკეთებთ? არ ვსაუბრობთ ერთი რამის გამო – ამ კანონმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქმიანობაში არანაირად არ უნდა შეუქმნას რამე საფრთხე. ეს არსი დევს ამ კანონპროექტში, რომ ეს არ უნდა იყოს მათი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რამხელა წინააღმდეგობაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.