რატი ბრეგაძე: გუნდური მიდგომით, საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელით ყოველთვის იმარჯვებს სტრასბურგში ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად

ეს არის ბოლო საქმე, რადგან სტრასბურგის სასამართლო უკვე აღარ იღებს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელებს, რადგან რუსეთის ფედერაცია გარიცხულია ევროსაბჭოს წევრობიდან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2012 წლიდან მოხერხდა მსოფლიო დონეზე ქართულ მხარეს არსებული სიმართლის დამტკიცება.

„ერთია ის, ვიცოდეთ, რომ მართლები ვართ, მაგრამ სამართლებრივ ბრძოლაში აუცილებელია ამ სიმართლის გამყარება და იმის დამტკიცება, რომ სიმართლე ნამდვილად საქართველოს მხარესაა.

პირველი საქმე იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე და ამ შემთხვევაშიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან დადგინდა დარღვევა და შეეფარდათ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა. მეორე იყო – ე.წ. ომის საქმე, რასაც ისტორიულ გადაწყვეტილებასაც ვუწოდებთ, რადგან სწორედ ამ საქმის შემდგომ ჩვენ გვაქვს იმის თქმის სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. ამ შემთხვევაშიც რუსეთს დაეკისრა ბევრად უფრო დიდი კომპენსაცია 130 მილიონი ევროს ოდენობით. ვნახოთ, რა ოდენობის თანხის კომპენსაცია დაეკისრება რუსეთის ფედერაციას მესამე, ნამდვილად ისტორიულ საქმეზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში, მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურასა და შსს-ს, რომლებიც ყოველთვის იძლევიან ჩინებული და შესანიშნავი თანამშრომლობის მაგალითს. სწორედ ასეთი გუნდური მიდგომით შესაძლებელია, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელით ყოველთვის იმარჯვებს სტრასბურგში ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები