მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ქონება კი არა, საქართველოს დააყადაღეს

ჩემი ქონება კი არა, საქართველო დააყადაღეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას, მისი და მისი ოჯახის წევრების უძრავ-მოძრავი  ქონების დაყადაღების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. პრეზიდენტმა არსებული ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბათუმში 2 წლის მანძილზე არცერთი მსხვილი პროექტი არ განხორციელებულა.
“ეს ქონება, რომელიც ამ დღეებში ივანიშვილმა წაიღო, არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი, რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ იპარავს, პოლიტიკოსი, რომელიც ახმარს ფულს ხალხს და არც ერთ თეთრს საკუთარ თავსა და ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი და უფრო პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლია – ერთადერთი ქონება, რაც მე შევქმენი 9 წლის განმავლობაში. წყალსაც წაუღია ეს ქონება, ჩემთვის სკამი არაფერს ნიშნავს, ეს სახლი არაფერს ნიშნავს – მიყვარს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს პირად ემოციებს. რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული ისაა, რომ ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს, საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესი, საქართველოში ხდება ის უკანონობა, რაც დღეს ხდება, საქართველოში ხდება ის დეგენერატიზმი, რაც დღეს ხდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის – მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე – გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის – სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”. მიხეილ სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას ექსპრეზიდენტის ადვოკატები, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები