სანდრა რულოვსი მისთვის ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის და მათი ოჯახის სხვა წევრებისთის ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმაურება. სანდრა რულოვსი განმარტებას თბილისში მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე აკეთებს, რომელიც ბარნოვის N9-ში მდებარეობს.
ყოფილი პირველი ლედი აცხადებს, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ყოვლად მიუღებელია აღნიშიული ბინის დაყადაღებული ქონების სიაში მოხვედრა.
“დღეს გავიგე ქონების დაყადაღების შესახებ. იმ სიაში ჩემი ბინაც არის, სადაც მიშას პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდით და მერეც. 20 წლის წინ, როცა მამაჩემმა ბინა მაჩუქა პეროვსკაიაზე, გავყიდე 3-ჯერ ძვირად, მერე საბურთალოზე გადავედით, მერე ისევ გავყიდე და გადავედით ბარნოვზე, ეს იყო 2002 წელს. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველანაირად მიუღებელია, რომ საუბარი იყოს ამ ჩემს ბინაზე“, – წერს სანდრა რულოვსი ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის – მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე – გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის – სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”.
მიხეილ სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას ექსპრეზიდენტის ადვოკატები, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები