გიული ალასანია ქონების დაყადაღების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მათი ოჯახისთვის ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურიდან ამის თაობაზე მისთვის არავის უცნობებია.
“მე პირადად არავინ დამკავშირებია. დღეს გავიგე, ოღონდ არა პროკურატურიდან. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, რომ ეს გაუგებრობა და სრული აბსურდია. მემგონი საერთოდ მრუდე სარკეების სამეფოში ვცხოვრობთ. რაღაცა ჩამონათვალი იყო. თუმცა ზუსტად არ მახსოვს, მოხსენიებული იყო მანქანა. რომლითაც მე ვსარგებლობ, ასევე ბებიის ქონება. დედა და ბებია რა შუაშია, თუ ჩემს შვილს ეხება, ესეც გაუგებარია”, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის – მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე – გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის – სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”.
მიხეილ სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას ექსპრეზიდენტის ადვოკატები, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები