შემოსავლების სამსახურმა საერთაშორისო კონფერენცია გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნის ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, 17-19 სექტემბერს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საბაჟო ღონისძიებებისა და ინსტიტუციური განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველოს, ბელარუსის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნოლანდმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. დელეგატებს მისასალმებელი სიტყვის მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმაც, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ გამოწვევებზე და სამომავლო განვითარების მიმართულებებზე ინტელექტუალური საკუთრების საზღვარზე დაცვის კუთხით.
კონფერენციის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილეს: გაყალბებული საქონლის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სამართლებლივი ჩარჩო-ფორმატი და რეგიონში არსებული გამოცდილება საბაჟო მიმართულებით, კერძო სექტორის პერსპექტივა, რისკის მართვა, საბაჟოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და კოორდინაცია, კონტრაფაქციული სამედიცინო პროდუქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები