მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური გადაწყვეტილებებია საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობებში წინ წაიწიოს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ COSAC-ის ფორმატშიც ისმოდეს საქართველოს ხმა
პოლიტიკური გადაწყვეტილებებია საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობებში წინ წაიწიოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, თავის მხრივ, ამისთვის საჭიროა, ისეთ ფორმატებში ისმოდეს საქართველოს ხმა, როგორიც მაგალითად არის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია.
„ეს არის სწორედ ის ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები იკრიბებიან, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ და ქმნიან ამინდს შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ ფორმატში ისმოდეს საქართველოს ხმა და პოზიცია, იმისათვის, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს ჰქონდეს შესაძლებლობა მოუსმინოს საქართველოს პოზიციას. როდესაც შესაძლებელია, რომ ჩვენთვის სასარგებლო გზავნილები ევროკავშირის დოკუმენტებში აისახოს, ეს შესაძლებლობაც არ უნდა გავუშვათ ხელიდან და სწორედ ამიტომ, ჩვენ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად, ევროკავშირის წვერი ქვეყნების პარლამენტების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს დოკუმენტი, რომელიც შეეხება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხს, მათ შორის გაფართოებას და ცალსახად ჩაიწერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტები რეკომენდაციას უწევენ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მუშაობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.