„სამართლებრივი პროცესი ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე მიმდინარეობს“

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმაურება. ვიცე-სპიკერის შეფასებით, სამართლებრივი პროცესი ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე მიმდინარეობს. „სააკაშვილს ბრალად ედება ბიუჯეტის კუთვნილი მილიონობით თანხის გაფლანგვა და, შესაბამისად, მატერიალური ზარალი, რომელიც არის საკმაოდ სოლიდური. ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა კანონით, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ქონების დაყადაღებით“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის – მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე – გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის – სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”.
მიხეილ სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას ექსპრეზიდენტის ადვოკატები, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები