არჩილ თალაკვაძე: ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს კანონით გარანტირებული უფლება აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ეს უფლება ყოველ არჩევნებზე ხორციელდება
“ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს კონსტიტუციური კანონით გარანტირებული უფლება აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს უფლება ყოველ არჩევნებზე განუყრელად ხორციელდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას თემით სპეკულაციის საფუძველი არ აქვს.
“რა თქმა უნდა, ნებისმიერს, ვისაც სურს, რომ არჩევნებში მისცეს ხმა, შეუძლია ამისი გაკეთება სათანადო რეგისტრაციის შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს. მე მინდა, გითხრათ მონაცემები და ვუპასუხო იმ აბსოლუტურ კრიტიკას, რომელსაც მიმართავს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ჩვენი მოქალაქეთა რაოდენობა გაზრდილია 44%-ით, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ, გაზრდილია 100%-ით. ეს იმის პასუხად, როდესაც ოპოზიცია სპეკულირებს, რომ თითქოს ჩვენ ხელოვნურად ხელს ვუშლით ჩვენს თანამემამულეებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს გახლავთ სიცრუე, პირიქით, ორივე მაჩვენებელი გაუმჯობესებულია”, – განაცხადა თალაკვაძემ.