ზარქუა – ხაბეიშვილზე: რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი, არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს – აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა

“რაღაც 7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა. რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი – არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერების კამპანიასა და გუშინ გამართულ მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, “ნაცმოძრაობა” მსგავსი ლიდერის ხელში საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.

„გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც 7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა. რა ვუშველო, რა ვუყო არ ვიცი. არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს. აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა. შემდეგ „ნაცმოძრაობას” გაუკვირდება, რატომ ვერ გადალახეს ბარიერი – ვერ გადალახავ ასეთი ლიდერის ხელში. ჩვენ გვახსოვს 2003 წელი, როდესაც წალენჯიხიდან დაიძრა ავტობუსი, რომელიც იყო იმედის, განვითარების, დემოკრატიის სიმბოლო, ასე ეგონა მთელ მოსახლეობას. აქვე შეგახსენებთ, ჩემი ოჯახის წევრები იქ არ იყვნენ, პირიქით ოპოზიციაში ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით, შევარდნაძე და ესენი ერთი კლანი იყვნენ მაშინაც. მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა ამ კაცის. ცოტა ხანში გავშიფრეთ და ყველამ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ეს ტირანია და დიქტატორიზმი, რაც “ნაცების” ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა. ახლა სიმბოლური იყო, რომ 5 მანქანა მოჰყვებოდა, ავტობუსიც ვერ დაიქირავეს. 5 მანქანის მეტი ვერ ნახეთ? მე ვთხოვდი ვინმეს და დაგამატებდით კიდევ ორს, “ხაბეს” ხათრით.

ასეთი სასაცილოები ხართ, იმიტომ რომ თქვენმა არასწორმა, მწვალებლურმა, უსამშობლო პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ფეხებზე გკიდიათ, მიგიყვანათ აქამდე. ატრიალეთ ახლა დროშა, ის ხუთი მანქანა და აბრიყვეთ ბელადი და შემდეგ თქვენ”,- განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები