უკრაინასთან ტრანსპორტის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო-უკრაინის ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ოკსანა რეიტერის შეხვედრაზე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა „უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ბალტიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს“. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოკსანა რეიტერი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე საქართველო-უკრაინის საავტომობილო ტრანსპორტის შერეული კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2015 წლიდან ახალი უნივერსალური მრავალჯერადი ნებართვების შემოღების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის გადამზიდველებს გამარტივებული წესით განახორციელონ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ოკსანა რეიტერმა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა „საქართველოს რკინიგზასა“ და „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობასთან, აგრეთვე ეწვია „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ და დაათვალიერა სააგენტოში არსებული ტრენინგ-ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები