ყოფილი მეტალურგიული ინსტიტუტის შენობის ბაზაზე სასტუმრო აშენდება

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, რომ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ყოფილი მეტალურგიული ინსტიტუტის შენობის ბაზაზე თანამედროვე ტიპის სასტუმრო აშენდება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე ინვესტორმა უკვე გამოთქვა.
“ამ შენობის ბაზაზე 25,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და 150 – ადგილიანი თანამედროვე ტიპის სასტუმროს აშენება იგეგმება “, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ონის რაიონში მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარული კომპანიის ინვესტიცია განხორციელდება.
“შვეიცარული კომპანია 5 ათასი ძროხის ჩამოყვანას და ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარების შედეგად პროდუქტიული ადგილობრივი ჯიშის გამოყვანას გეგმავს. პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ფერმერების ჩართვაა გათვალისწინებული, რაც ძალიან კარგია – რაჭველ ფერმერებს საშუალება ექნებათ, შვეიცარელ ბიზნესმენთან თანამშრომლობით შექმნან თანამედროვე, ევროპული ტიპის მცირე ფერმები. პროექტის განხორციელებისთვის კომპანიას გარკვეული რაოდენობის მიწა გადაეცემა”, – განაცხადა მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რაჭაში დაახლოებით 350 ათასი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები