შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს. ოფიციალური მიღების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ. გადმოცემული ავტომობილები, საჩხერის და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში განაწილდება.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მერის მოადგილე – მალხაზ მერაბიშვილი და საჩხერის მერი – ლევან ივანაშვილი.

პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, იაპონელი პარტნიორების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-8 სახანძრო-სამაშველო ავტომობილია. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები