სასამართლოსთან შეკრებილი ახალგაზრდები მერაბიშვილის დასჯას ითხოვენ

  ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის დასჯას მოითხოვენ. საქალაქო სასამართლოსთან მათ მიტანილი აქვთ პლაკატები ვანო მერაბიშვილის გამოსახულებით და წარწერით: “ორი გვამი მინდა”, “დაისაჯოს ვანო მერაბიშვილი”.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, სასამართლოს ნდობა საზოგადოებას არ გააჩნია. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუკი ვანო მერაბიშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ბევრი წინააღმდეგობა შეექმნება. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მერაბიშვილთან ერთად უნდა დაისაჯონ ყოფილი ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები, მათ შორის ადეიშვილი, ახალაია, სააკაშვილი და სხვები, რომლებიც მონაწილეობდნენ წლების განმავლობაში ხალხის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.
სამოქალაქო ფრონტის წარმომადგენლის, ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ “ვანო მერაბიშვილი 26 მაისის აქციის შედეგად დაკავებულების წამებას მონიტორით უყურებდა”. აქციას ესწრება მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუკი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, საზოგადოებას მოუწევს ლინჩის წესის გამოყენება.
აქციის დაწყებამდე სასამართლოს მანდატურის სამსახურმა აქციის მონაწილეებს სასამართლოს ეზოში პლაკატების გაშლა აუკრძალა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქციის ორგანიზატორებმა პლაკატების გაშლა და აქციის დაწყება მაინც მოახერხეს. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები