ნოშრევან ნამორაძე: მადლობა ღმერთს, რომ ყველანი ჯანმრთელები და საღსალამათები ვართ

ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის განცხადებით, მას ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელთან არაფერი არ აკავშირებს. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
მან განმარტება ცნობილ ფოტოსთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა რომ საპატრიარქოში გადაღებულ ფოტოზე მთავრობის წარმომადგენელთან ერთად შემთხვევით აღმოჩნდა.
“აღდგომის დღესასწაულზე ვიყავი პატრიარქთან, იქ მოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ფოტოზე მათთან ერთად. იქ ბიზნესმენები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იყვნენ. არ ვიცნობ თანამდებობის პირებს, მითუმეტეს ჭიკაიძეს, რომელიც ფოტოზეა”, – აცხადებს ნოშრევან ნამორაძე.
ნამორაძის განცხადებითვე, ის ღმერთის მადლიერია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
“ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა. ყველანი კარგად ვართ, ჯანმრთელები ვართ და საღსალამათები ვართ. მე არ ვიცი მათ რატომ გამიკეთეს ასეთი რამ… ადამიანს ბუმერანგივით უბრუნდება უკან ყველაფერი”, – განაცხადა ნამორაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა ბრალდებულს შეუცვალა არასაპატიმრო ღონისძიებით. ნამორაძეს 50 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები