მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინა იფარებდა დამნაშავეს და კიდევ ერთი დანაშაული ჩაადენინეს სააკაშვილს, როცა მან საქართველოში შემოსვლისას ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა
არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობის რეაქცია იყო აბსოლუტურად სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “რეალურად, უკრაინა იფარებდა დამნაშავეს და კიდევ ერთი დანაშაული ჩაადენინეს სააკაშვილს, როცა მან საქართველოში შემოსვლისას ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა”.
“ამ მიმართულებითაც ჩვენი წუხილი აბსოლუტურად გამართლებულია.
რუსეთთან ფრენების შეწყვეტის საკითხს რაც შეეხება, ეს ადასტურებს, რომ მთელი რიგი ქმედებები მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით და არაერთხელ განიმარტა, რას ნიშნავს საქართველოს მხრიდან რუსეთში ფრენების შეწყვეტა და რა შედეგი შეიძლება, მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ამან შესაძლოა, მოუტანოს ძალიან მძიმე შედეგები არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კუთხით.
რაც შეეხება სანქციებისგან თავიდან არიდებას, ეს არის ნარატივი, რომელსაც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება ხელს უწყობს დაუსაბუთებელი განცხადებებით. ჩვენ ასეთი არაერთი განცხადება ვიხილეთ. მათი ბრალდებები იყო, როდესაც თქვეს, თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება რაღაც ტვირთების გადაზიდვა, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
სწორედ ამიტომ მოექცა საქართველო ფოკუსში ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვნახეთ, რა მოჰყვა შედეგად მაგალითად, ჩვენს თანამშრომლობას ევროკავშირთან თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველო არ არის ის ადგილი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი თავს არიდებს სანქციებს. საქართველო ძალიან კარგად თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა ეს არ მოხდეს და რაიმეს დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები მიმართულია იმისკენ, რომ რეპუტაცია შეულახონ საქართველოს.
ძალიან რთულია საქართველოსთვის, როდესაც მთელი ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მხარეს და მათ სიტყვას უსმენს მთელი მსოფლიო. არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობის რეაქცია იყო აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.