“განვიხილეთ რუსეთის ახალი აგრესიული ნაბიჯები, სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში” – პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა ისლანდიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისლანდიის პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდეს და ადგილზე ნახოს სიტუაცია.
“ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და სტრატეგიული დღევანდელი გამოწვევა. ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც აცხადებს რუსეთი, როგორც პროექტი და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენენ ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და, ასევე, დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.