კახა კალაძე: რადგან არჩევნები მოდის, არაფერი გავაკეთოთ წინასაარჩევნოდ, საზოგადოების მოსყიდვაში რომ არ ჩაითვალოს?
წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება მიმდინარე პროექტები, რაც ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ ხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება.
„დედაქალაქში უამრავი პროექტი ხორციელდება. ადამიანებს დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები, მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადავეცით, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ კეთდება. რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ? არ არის ეს სწორი მიდგომა. გამოწვევებს შესაბამისი პასუხები სჭირდება. მიხარია, რაც მოვისმინე დღევანდელი პრეზენტაციაზე. ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალ თაობას საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მივცეთ“, – დასძინა კალაძემ.